ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ივერი მელაშვილის პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მარიკაშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შაბლონური იყო, არ ეფუძნებოდა მტკიცებულებებს და არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ადვოკატის თქმით, განჩინებაში არ არის ნათქვამი, რის საფუძველზე დააკავეს საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმღვანელი.
"განჩინებაში საუბარია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, გარკვეული მტკიცებულებების სათაურებზე, ხოლო როგორი ანალიზით და რა დასკვნით მივიდა იმ გარემოებამდე, რომ თითქოს შესაძლებელი იყო ბატონ ივერის ჩაედინა დანაშაული, რომელსაც ედავება გამოძიება, ამის შესახებ განჩინებაში არაფერი წერია",- ამბობს მელაშვილის ადვოკატი.
ივერი მელაშვილის ადვოკატისვე თქმით, დაცვის მხარის მიერ შესწავლილ მტკიცებულებებში ჩანს, რომ ივერი მელაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატის განმარტებით, რუკები არა კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფოს დონეზეა გამოყენებული და საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული იყო.
"მეორე მხრივ, ჩვენ ამავე საჩივარში ვამტკიცებთ იმას, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რას იტყვის გამოძიება, დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ის მტკიცებულებები, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ცალსახად ადასტურებს, რომ ეს საკითხი წყდებოდა არა კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფოების დონეზე და ის რუკების გამოყენების საკითხი შეთანხმებული იყო ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და ამ პროცესში ბატონ ივერის და კომისიას გადამწყვეტი როლი არასდროს არ ჰქონია",- ამბობს მარიკაშვილი.
ორგანიზაცია GDI-ის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითება არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დაარწმუნებდა:
ა) ივერი მელაშვილი თავს აარიდებდა სასამართლოში გამოცხადებას;
ბ) რომ ის არ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს (აღიკვეთოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობა);
გ) ვერ აღსრულდებოდა განაჩენი;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და თავისუფლების პირობებში, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციიის განადგურების რისკფაქტორები გამოკვეთილია, თუმცა არ უთითებს არცერთ კონკრეტულ ფაქტზე, მტკიცებულებაზე, რასაც საკუთარ მსჯელობას აყრდნობს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".